
ამაზონის სტრიმინგ პლატფორმაზე ბიბლიური დრამა “დავითის სახლი” მაყურებლების დიდ ინტერესს იწვევს. გასული კვირის მონაცემებით, სერიალმა Prime Video-ს ამერიკის შეერთებული შტატების ტოპ-10-ში მეორე ადგილი დაიკავა, სადაც პირველ პოზიციას მხოლოდ პოპულარული დეტექტიური დრამა “Reacher”-ის ახალი სეზონი ინარჩუნებს.
სერიალი, რომელიც ისრაელის მეფე დავითის ცხოვრების ადრეულ პერიოდს ასახავს, Wonder Project-ის პირველი პროექტია. ეს ახალი დამოუკიდებელი კინოსტუდია ქრისტიანმა რეჟისორმა ჯონ ერვინმა დააფუძნა, რომელიც შოუს შექმნაზე პარტნიორ ჯონ განთან ერთად მუშაობს.
30 თებერვალს Prime Video-მ პირველი სამი ეპიზოდი გამოაქვეყნა, დანარჩენი ხუთი კი 3 აპრილამდე ყოველ ხუთშაბათს გავა ეთერში. სერიალი მოგვითხრობს დავითის, როგორც ბეთლემელი მწყემსის ისტორიას და მის გზას სამეფო ტახტისკენ.
მთავარ როლებში წარმოდგენილნი არიან ეგვიპტეში დაბადებული ამერიკელი მსახიობი მაიკლ ისკანდერი დავითის როლში, ნიუიორკელი სტივენ ლენგი წინასწარმეტყველ სამუელის როლში და ნაზარეთში დაბადებული ალი სულიმანი მეფე საულის როლში.
სერიალი ამაზონ MGM სტუდიებთან თანამშრომლობით შეიქმნა და საბერძნეთშია გადაღებული. მდიდარი ვიზუალური ეფექტებით, შთამბეჭდავი დეკორაციებითა და კოსტიუმებით, პროექტი ბიბლიური ეპოქის რეალისტურ ასახვას ცდილობს.
ოფიციალური ინფორმაცია მეორე სეზონის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა სერიალის წარმატებული დებიუტი გაგრძელების კარგ პერსპექტივას ქმნის.
“დავითის სახლი” ხელმისაწვდომია ამაზონის Prime Video-ს პლატფორმაზე გამოწერით.