
სერიალ “რჩეულნის”, იესოს როლის შემსრულებელ მსახიობს სჯერა, რომ მისი საქმიანობის შედეგი, მისი გარდაცვალების შემდეგაც მრავალ ადამიანზე დადებითად იმოქმედებს.
კათოლიკე მორწმუნე, ჯონათან რუმი ღრმა პატივისცემით უდგება იესოს როლს, რომელსაც თავად ასრულებს.
Fox News Channel-თან მიცემულ ინტერვიუში ჯონათანმა ისაუბრა იმ უზარმაზარ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც ის განიცდის რამდენიმე ასეული მილიონიანი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე მაცხოვრის განსახიერებით.
ჯონათანმა განაცხადა, რომ იესოს როლის თამაში იყო როგორც სიურეალისტური, ასევე ღრმა. ღრმა იმიტომ, რომ ის სერიოზულად უყურებს თავის რწმენას და სიურეალისტური კი იმიტომ, რომ ამ სერიალმა რუმი სრულიად უცნობი მსახიობიდან გადააქცია ერთ მილიონზე მეტი მიმდევრის მქონე მსახიობად, სოციალურ ქსელში.
რუმი იმედოვნებს, რომ მისი საქმიანობა ადამიანებს ქრისტესთან დააახლოებს.
„თუ ხალხს ნახავს ჩემ მიერ განსახიერებულ იესოს, შემდეგ წავლენ და ბიბლიას ჩაუღრმავდებიან და მოისურვებენ ქრისტე გაიცნონ უფრო ღრმად, მაშინ ჩემს საქმეს შესრულებულად ჩავთვლი.”
მსახიობმა, რომელიც საკუთარ თავს ხელახლა შობილ კათოლიკეს უწოდებს, ასევე მოგვცა რამდენიმე მინიშნება იმის შესახებ, თუ რა გველოდება მეოთხე სეზონში.
“მეოთხე სეზონი ერთი სეზონით გვაახლოებს ჯვართან, შემდეგ კი, საბოლოოდ, უფრო მეტად გვაახლოებს აღდგომასთან. ეს, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა იესოსა და მისი მსახურებისადმი გაიზრდება. ხელისუფლება, რომაელი და ებრაელი ლიდერები, არ არიან კმაყოფილნი იმით, თუ რა ხდება მათ ქალაქებში. ასე რომ, იესოს მსახურება უფრო რთულდება. იესომ იცის ეს და ხედავს იმას, თუ როგორ იწყებენ მისი მიმდევრები მომავალი სიტუაციების სიმძიმის გაცნობიერებას”, – აცხადებს რუმი.
სერიალის რეჟისორი დალას ჯენკინსი და მისი პარტნიორები შვიდი სეზონის გადაღებას გეგმავენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ სერიალის კულმინაციისგან.