
პოპულარული სერიალ “რჩეულნის” შემქმნელმა, დალას ჯენკინსმა, ახალი საშობაო ფილმის “ყველა დროის საუკეთესო საშობაო სანახაობა” – ს ტრეილერი გამოაქვეყნა, რამაც კინომოყვარულთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ფილმი, რომელიც ბარბარა რობინსონის იმავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული, კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან გამოვა.
მთავარ როლებში ცნობილი მსახიობები ჯუდი გრირი და კომიკოსი პიტ ჰოლმსი არიან. სიუჟეტი პატარა ქალაქის ეკლესიის საშობაო წარმოდგენაზე მოგვითხრობს, რომელსაც მოულოდნელად “ექვსი ყველაზე ცუდი ბავშვი” ჩაიგდებს ხელში. ეს კომედიური ელემენტებით გაჯერებული ისტორია დაგვანახებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანების ცხოვრება და დამოკიდებულებები შობის ნამდვილი მნიშვნელობის გააზრებით.
რეჟისორმა დალას ჯენკინსმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ ეს ფილმი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მის გადაღებაზე 15 წელზე მეტ ხანს ოცნებობდა. “ეს არის ისტორია, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ბავშვობაში და მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს შევძელი მისი ეკრანზე გადატანა,” – აღნიშნა ჯენკინსმა.
ფილმში ასევე მონაწილეობენ “რჩეულნის” მსახიობები: ელიზაბეთ ტაბიში, ვანესა ბენავენტე და კირკ ვოლერი, რომლებიც ცნობილ სერიალში, მარიამ მაგდალინელის, ღვთისმშობელი მარიამის და გაიუსის როლს ასრულებენ.
პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ენდრიუ და ჯონ ერვინები, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი წარმატებული ქრისტიანული ფილმებით. ფილმი გადაღებულია Kingdom Story Company-ს მიერ, (რომელიც ქრისტიანული ჟანრის წამყვანი სტუდიაა) Lionsgate-თან პარტნიორობით.
“ყველა დროის საუკეთესო საშობაო სანახაობა” კინოთეატრებში მადლიერების დღემდე სამი კვირით ადრე გამოვა, რაც მას საშობაო სეზონზე კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მაყურებლის მოზიდვას ჯერ კიდევ საშობაო სეზონის დაწყებამდე.
ფილმის ტრეილერი უკვე ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის და სოციალურ მედიაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. კინოკრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფილმს აქვს პოტენციალი გახდეს ახალი საშობაო კლასიკა, რომელიც გააერთიანებს როგორც ოჯახურ, ისე ქრისტიანულ აუდიტორიას.