
Cinecittà Studios-ის ინფორმაციით, მელ გიბსონის ფილმის „ქრისტეს ვნებანი“ გაგრძელების, „ქრისტეს აღდგომის“ გადაღებები, ამ ზაფხულს დაიწყება. ფილმის გადაღება რომსა და იტალიის სხვა ისტორიულ ადგილებში იგეგმება. ჯიმ კევიზელი კვლავ იესოს როლს შეასრულებს, ხოლო მაია მორგენშტერნი – მარიამის როლს. მელ გიბსონი ფილმის რეჟისორი და სცენარის თანაავტორი იქნება.
2004 წელს გამოსულმა ფილმმა „ქრისტეს ვნებანი“ მხოლოდ აშშ-ში 370 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა. ფილმი კრიტიკოსთა მაღალი შეფასებისა და ქრისტეს ტანჯვის გრაფიკული ასახვის გამო, კამათის საგნად იქცა. ფილმს ჰოლივუდში რელიგიური ფილმებისადმი გზის გაკვალვას მიაწერენ.
რომის Cinecittà Studios-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მანუელა კაჩამანიმ, Catholic News Agency (CNA)-სთან ინტერვიუში ფილმის გადაღებების დაწყების თარიღი დაადასტურა: „ქრისტეს აღდგომის გადაღებები აგვისტოდან დაიწყება და მრავალი თეატრალური დეკორაციისა და სცენის კონსტრუქციაა იქნება საჭირო“.
მელ გიბსონმა ჯო როგანთან ინტერვიუში ამ ამბიციურ პროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ფილმი „ანგელოზების დაცემიდან უკანასკნელი მოციქულის სიკვდილამდე პერიოდს მოიცავს“. მისი თქმით, „სათანადოდ რომ მოჰყვე ისტორია, ანგელოზების დაცემით უნდა დაიწყო, რაც სხვა სამყაროში გადაგიყვანს”.
გიბსონმა დასძინა: „ეს დიდ დაგეგმვას მოითხოვს და ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას, მაგრამ ვეცდები, რადგან ეს აუცილებელია“.