
მელ გიბსონის მიერ დაანონსებული ფილმის “ქრისტეს ვნებანი: აღდგომა”- ს გადაღებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა 2016 წლიდან მიმდინარეობს, ფილმის წარმოება მრავალჯერ გადაიდო.
სცენარისტი რენდალ უოლესი, რომელიც გიბსონთან ერთად მუშაობს პროექტზე, ადასტურებს, რომ სცენარი დასრულებულია და ჯიმ კევიზელი კვლავ იესოს როლს შეასრულებს. უოლესმა ასევე მიანიშნა, რომ გადაღებები შესაძლოა მალე დაიწყოს.
ფილმის გადაღებები მექსიკასა და რომში იგეგმება. გიბსონის თქმით, გაგრძელება ორ ნაწილად იქნება გაყოფილი და უფრო ფილოსოფიური და პოეტური იქნება, ვიდრე ორიგინალი. სიუჟეტი სავარაუდოდ ფოკუსირებული იქნება იესოს ჯვარცმასა და აღდგომას შორის პერიოდზე.
პირველი ფილმი “ქრისტეს ვნებანი”, რომელიც 2004 წელს გამოვიდა, მიუხედავად წინააღმდეგობრივი შეფასებებისა, კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა.
ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა IMDb-ზე 2025 წელია მითითებული.