
პოპულარული კინოფრანშიზის “ღმერთი არ არის მკვდარი” მეხუთე ნაწილი სექტემბერში ეკრანებზე გამოვა. ფილმი სახელწოდებით “ღმერთი არ არის მკვდარი: ღმერთი გვწამს” აშშ-ს 2024 წლის საარჩევნო პერიოდის ფონზე რელიგიისა და პოლიტიკის რთულ ურთიერთქმედებას ასახავს.
სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი, ხუცესი დევიდ ჰილი, კონგრესში კენჭს იყრის მოქმედი წევრის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ. ფილმი აჩვენებს მის ბრძოლას ძლიერ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც სახელმწიფო მმართველობიდან რწმენის გავლენის შემცირებას ცდილობენ.
რეჟისორების თქმით, ნამუშევარი ხაზს უსვამს ქრისტიანული ღირებულებების მნიშვნელობას პოლიტიკისა და მმართველობის ფორმირებაში. მთავარ როლებში არიან დევიდ ე.რ. ვაითი, ისაია ვაშინგტონი, დინ კეინი და სკოტ ბაიო. უაითი კვლავ ასრულებს ხუცეს ჰილის როლს, რომელიც ამჯერად საჯარო თანამდებობისთვის იბრძვის.
ფილმის ტრეილერში ჰილი აცხადებს:
“ახლა, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ქრისტიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმედი მივიტანოთ ქვეყანაში, რომელიც უიმედობას გრძნობს. რწმენა იწყება იქ, სადაც თქვენი კომფორტის ზონა მთავრდება.”
“ღმერთი არ არის მკვდარი” ფრანშიზის პირველი ფილმი 2014 წელს გამოვიდა და მოულოდნელი კომერციული წარმატება მოიპოვა. 2 მილიონი დოლარის ბიუჯეტით გადაღებულმა ფილმმა გაქირავებით 60 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც იმ დროისთვის დაბალბიუჯეტიანი ქრისტიანული ფილმებისთვის უპრეცედენტო შედეგი იყო.
თუმცა, სერიას კრიტიკოსებიც ჰყავს. ზოგიერთი მიმომხილველი, მათ შორის კინორეჟისორი და კულტურის კრიტიკოსი ჯოზეფ ჰოლმსი, მიიჩნევს, რომ ფილმები გადაჭარბებულად წარმოაჩენს ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართულ დისკრიმინაციას აშშ-ში და ზოგჯერ კარიკატურულად ხატავს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.
ფილმის პროდიუსერი კომპანიაა Pinnacle Peak Pictures, რომელიც Great American Pure Flix-თან თანამშრომლობით მუშაობს. მთავარი მსახიობი დევიდ ე.რ. ვაითი ამბობს, რომ მისი რწმენა ეხმარება ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაში და მაყურებელს მოუწოდებს: “არ დანებდეთ. გააგრძელეთ ბრძოლა და წინ იარეთ.”
ახალი ფილმი ამერიკის კინოთეატრებში 12 სექტემბრიდან გამოვა. მისი შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ის მაყურებელს რწმენისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე დააფიქრებს და აქტუალურ საზოგადოებრივ დისკუსიებს გამოიწვევს.