
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილმა საიდუმლო სერობის სადავო ინტერპრეტაციამ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამ ფონზე, პოპულარული სერიალის “რჩეულნის” შემქმნელმა დალას ჯენკინსმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ასახავს საიდუმლო სერობის სცენას სერიალის მეხუთე სეზონიდან.
“ეს უკეთესია ვიდრე ოლიმპიადის გამოსახულება?” – ასეთი წარწერით გაავრცელა ჯენკინსმა ფოტო, რომელმაც მყისიერად მოიპოვა პოპულარობა მომხმარებლებს შორის. სერიალის მთავარმა მსახიობმა, ჯონათან რუმიმ, რომელიც იესოს განასახიერებს, კომენტარში დაწერა: “რათქმაუნდა დიახ!”
CBN News-თან საუბრისას ჯენკინსმა განაცხადა: “ეს სცენა გადავიღეთ სეზონის გადაღების ბოლოსკენ. მოუთმენლად ველი, როდის ნახავენ მაყურებლები, როგორ ჩავრთავთ ამას ჩვენი მეხუთე სეზონის ისტორიაში.”
რეჟისორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს გამოქვეყნება მოგვიანებით იგეგმებოდა, მიმდინარე მოვლენებმა აიძულა, ეს ადრე გაეკეთებინა: “იმედია, შევძლებთ ყველას გონებაში ამ მშვენიერი მომენტის უფრო ავთენტური გამოსახულების შექმნას,” – დასძინა მან.
შეგახსენებთ, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილმა საიდუმლო სერობის სცენამ, რომელსაც New York Post-მა “დრაგ-შოუს ვერსია” უწოდა, გამოიწვია მწვავე დისკუსია და კრიტიკა საზოგადოების ნაწილში.