
დენზელ ვაშინგტონი ორმოცდაათიანულ ეკლესიაში მოინათლა: ცნობილმა მსახიობმა ღვთისმსახურის ლიცენზიაც მიიღო
ჰოლივუდის ვარსკვლავი და ორგზის ოსკაროსანი მსახიობი დენზელ ვაშინგტონი 21 დეკემბერს ნიუ იორკის ჰარლემის უბანში, ორმოცდაათიანულ ეკლესიაში მოინათლა.
69 წლის მსახიობს ნათლობის მოწმობასთან ერთად ღვთისმსახურის ლიცენზიაც გადაეცა. ეს დოკუმენტი მას მომავალში ხელდასხმის უფლებას მისცემს.
“ერთ კვირაში 70 წლის ვხდები. დიდხანს ველოდე, მაგრამ აქ ვარ”, – განაცხადა ვაშინგტონმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს ეკლესიისთვის და ღვთის სადიდებლად.
საზეიმო ცერემონიალზე მსახიობმა 50 წლის წინანდელი საოცარი ამბავი გაიხსენა. როგორც თავად ყვება, 20 წლის ასაკში, როდესაც დედამისის სილამაზის სალონში იმყოფებოდა, ქალბატონმა რუთ გრინმა უწინასწარმეტყველა, რომ “დენზელი მთელ მსოფლიოს შემოივლიდა და მილიონობით ადამიანს უქადაგებდა”.
50 წლის შემდეგ, შეხედეთ ღმერთს. თუ მან ეს ჩემთვის გააკეთა, არაფერია ისეთი, რაც მას თქვენთვის არ შეუძლია”, – აღნიშნა მსახიობმა.
ნათლობის ცერემონიას მსახიობის მეუღლე, პოლეტა ვაშინგტონიც ესწრებოდა, რომელსაც დენზელმა “მოსიყვარულე და ერთგული მეუღლე” უწოდა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონმა თავისი რწმენის შესახებ ვრცლად ისაუბრა ნოემბერში, ჟურნალ Esquire-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მსახიობმა გაიხსენა, როგორ იზრდებოდა სულიერად ეკლესიაში სიარულით და აღნიშნა, რომ მისთვის “ღმერთი რეალურია” და “ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა”.
იმავე პუბლიკაციაში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ არ ეშინია საზოგადოების რეაქციის მის რელიგიურ შეხედულებებზე.
“ჩემი საქმეა ღმერთი ვადიდო და ვეცადო ყველამ გაიგოს, რომ ის არის პასუხისმგებელი ჩემზე”, – განაცხადა მსახიობმა.