
ამერიკული კინოკომპანიები Pinnacle Peak Pictures და Fathom აანონსებენ ახალი შთამაგონებელი სათავგადასავლო ფილმის “მოწაფეები მთვარის შუქზე” პრემიერას. ფილმი აშშ-ს 1000-ზე მეტ კინოთეატრში მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში იქნება ნაჩვენები.
ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ბრეტ ვარველი აცხადებს, რომ ეს პროექტი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
“ეს არის ჩემი სიყვარულის წერილი იესო ქრისტეს ეკლესიისადმი. მჯერა, რომ ფილმი შეიძლება გახდეს კულტურული მოძრაობის დასაწყისი, რომელიც ადამიანებს ღვთის სიტყვის დაფასებისკენ და იესოს სახელის თამამად ქადაგებისკენ მოუწოდებს.”
ფილმის სიუჟეტი ვითარდება მომავალში, სადაც მთავრობას ბიბლია აკრძალული აქვს მისი “შეურაცხმყოფელი” შინაარსის გამო და სახელმწიფოს მიერ შეცვლილი ვერსიით აქვს ჩანაცვლებული. ქრისტიანთა ჯგუფი ცდილობს ორიგინალი და შეუცვლელი ბიბლიები კონტრაბანდით გადაიტანოს მიწისქვეშა ეკლესიებში, რაც მათ სახიფათო თავგადასავალში ითრევს.
Pinnacle Peak Pictures-ის წარმომადგენელი დეივ მეჩემი ფილმს ახასიათებს, როგორც “თრილერს, რომელიც მაყურებელს სკამის კიდეზე დასვამს და დააფიქრებს, თუ რისთვის გაიღებდნენ საკუთარ სიცოცხლეს”.
Fathom-ის აღმასრულებელი დირექტორი რეი ნატი კი აღნიშნავს: “ეს არის რწმენის, დაძაბულობისა და შთაგონების იდეალური ნაზავი, რაც მაყურებელთა ფართო სპექტრს მიიზიდავს”.