
სერიალში „რჩეულნი“ იესოს პერსონაჟის შემსრულებელმა, ჯონათან რუმიმ ამ როლის უნიკალურ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ცხადია, იესოს როლის მორგება ღრმა ფიქრსა და გაცნობიერებას მოითხოვს, თუ ვინ იყო ის და რას ნიშნავს ის ამდენი ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში, მათ შორის ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის“, – აღნიშნა რუმიმ. „ვფიქრობ, ეს პერსონაჟი განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. იესო უსაზღვროდ რთული პერსონაჟია, შესაძლოა, ყველაზე რთული, რაც კი ოდესმე მითამაშია. ვფიქრობ, ნებისმიერი მსახიობისთვის ის უდიდესი გამოწვევაა, მისი ვინაობიდან გამომდინარე. ამიტომ ამ როლს მსუბუქად არ ვუდგები და ვცდილობ, ჩემი შესრულებით მას პატივი მივაგო“.
მე-4 სეზონის ბოლოს იესო „უფრო ემოციური და მკაცრი“ გამოჩნდა. თუმცა, რუმი ამბობს, რომ მაყურებელს ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელის.
„მე-5 სეზონი მსოფლიოს იესოს იმგვარ ემოციურ სპექტრს და ფერებს წარმოაჩენს, რომლის გადმოცემაც ჯერ არავის უცდია“, – განაცხადა მსახიობმა. „არავის გამოუკვლევია ქრისტესა და ფარისევლებს, ხელისუფლებასა და მოწაფეებს შორის ურთიერთობების სიღრმე ისე, როგორც ჩვენ ამას ვცდილობთ. რაც შეეხება მის ადამიანურ მხარეს, მაყურებელი აქამდე არნახულ სცენებს იხილავს“.
„ძალიან ვამაყობ მეხუთე სეზონით, რადგან ვფიქრობ, ის იესოს, როგორც ადამიანის, უფრო სრულ და გასაგებ პორტრეტს ქმნის“, – განაგრძო მსახიობმა. „ცხადია, ზუსტად ვერ ვიტყვით, როგორი იყო ის, მაგრამ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ბიბლიის, წმინდა წერილის, ტრადიციისა და ჩვენი რწმენის ჭეშმარიტებას ვუსადაგებთ. ამ ემოციური სიღრმისეული გამოკვლევის ნახვა, ვფიქრობ, მაყურებელს გააოგნებს“.