
20 წელი გავიდა “ქრისტეს ვნებანის” გამოსვლიდან და ის კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქრისტიანულ კლასიკად.
2004 წელს ფილმის გამოსვლის შემდეგ, მსახიობმა პიეტრო სარუბიმ, რომელიც ფილმში ბარაბას როლს ასრულებს, თავისი მისტიკური გამოცდილება გაუზიარა სხვადასხვა მედია საშუალებას, მათ შორის იტალიურ ყოველდღიურ გაზეთ Avvenire-ს და Zenit-ს.
“ვიგრძენი ელექტრული დენი”
“როგორც ბარაბას, მელ გიბსონმა მითხრა, თავი ამერიდებინა ჯიმ კევიზელისთვის, რომელიც იესოს როლს თამაშობდა, იმ სცენამდე, სადაც ერთად უნდა გამოვჩენილიყავით.
“‘ბარაბა არის როგორც მძვინვარე ძაღლი,’ მითხრა მან, ‘მაგრამ ერთ მომენტში ის ლეკვად იქცევა: როდესაც ის ხვდება ღვთის ძეს და ხსნას პოულობს. მინდა, რომ შენი მზერა იყოს ისეთი ადამიანის, რომელიც პირველად ხედავს იესოს.'”
“მე გავაკეთე ისე, როგორც მან მითხრა, და როდესაც ჩვენი თვალები შეხვდა ერთმანეთს, ვიგრძენი რაღაც ტალღა. თითქოს მართლა ვხედავდი იესოს. მსგავსი რამ, არასდროს განმიცდია ჩემი სამსახიობო კარიერის განმავლობაში,” – განაცხადა იტალიელმა მსახიობმა.
მსახიობმა ბოლოს და ბოლოს იპოვა სიმშვიდე, რომელსაც ასე ესწრაფოდა.
“ეს იყო დიდი ზეგავლენა,” უთხრა მან Zenit-ს. “ვგრძნობდი, თითქოს ჩვენს შორის ელექტრული დენი გადიოდა. მე ვხედავდი თვით იესოს.”
“როდესაც მიყურებდა, მის თვალებში არ იყო სიძულვილი ან წყენა – მხოლოდ წყალობა და სიყვარული,” აღიარა მან თავის წიგნში “ბარაბადან იესომდე: მოქცეული ერთი შეხედვით.”
“ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული, არამედ უპირველეს ყოვლისა, ადამიანური გამოცდილება, და არ მრცხვენია იმის თქმა, რომ გადაღებების დროს მოვექეცი უფლისკენ. ყველა მსახიობი, ვინც მონაწილეობდა, ცოტათი შეიცვალა ამ ფილმის გადაღებების შემდეგ, მაგრამ მე გაცილებით მეტი ვისწავლე აქ, ვიდრე ნებისმიერი კონფერენციიდან.”
მსახიობმა ასევე ისაუბრა თავისი გრძელი გზის შესახებ უფლისკენ მოქცევამდე.
“მე ჩავატარე ვრცელი ანთროპოლოგიური კვლევა, როგორც ადამიანმა და როგორც მსახიობმა. მე ვსწავლობდი საბრძოლო ხელოვნებას… ვცხოვრობდი ტიბეტურ მონასტერში ექვსი თვის განმავლობაში დუმილის აღთქმით. ვვარჯიშობდი მედიტაციას ინდოეთში. ვცხოვრობდი ამაზონში და ამ ძიების საბოლოო მიზანს მივაღწიე იესოში.”